"ეს არის ნელი სიკვდილი, ნელი მოქმედების ნაღმი... დაგვეწყო თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა" - რა ხდება გლდანში, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
უკვე 3 წელია გლდანის მცხოვრებლებისთვის სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი თავისტკივილად იქცა. თბილისის ამ რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ნაგავსაყრელზე ყოველდღე ხდება ნარჩენების წვა. ირგვლივ საშინელი კვამლი და სუნია, რის გამოც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. გასულ წლებთან შედარებით, ბოლო ერთი თვეა გაუსაძლისი სუნი უკვე ყოველდღე აწუხებთ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რთული სათქმელია, რა იწვევს ხანძარს. შესაძლოა, ნაგავსაყრელზე იყოს ისეთი სამშენებლო მასალები, რაც თვითაალებადია და ეს იყოს ერთი მიზეზი, თუმცა მათ აკვირვებთ ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში ჩნდება ცეცხლი, რაც მათ უჩენთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ვიღაც მიზანიმართულად აჩენს ხანძარს.
იმ დროს, როცა "პალიტრავიდეოს" გადამღები ჯგუფი გლდანის ნაგავსაყრელზე ვიმყოფებოდით, „თბილსერვისის“ დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებიც ამ ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში იცავენ. თუ ხანძარი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაჩნდება, მისი ჩაქრობა დაუყოვნებლად ხდება. ამბობენ, რომ ადგილობრივები საბურავებს წვავენ, ე.წ. ვიაზანის მავთულის მოსაპოვებლად, გამოწვის შედეგად მიღებულ ლითონს კი ჯართში აბარებენ.