“რატომ ვერ ვჯობნით "ოცნებას"? ყველაზე ხშირი პასუხია, რომ ხალხი არ ვარგა, ხალხი გამოთაყვანებულია...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს
“რატომ ვერ ვჯობნით "ოცნებას"?
ყველაზე ხშირი პასუხია, რომ ხალხი არ ვარგა, ხალხი გამოთაყვანებულია და მთავრობის სჯერა, მთავრობა აბრიყვებს.
ძალიან იოლია ამის თქმა და ძალიან იოლია ასე ახსნა, ადამიანებს გულსაც კი ფხანს - მაგრამ ძალიან ბევრი კილომეტრი ვიარე და ძალიან ბევრ ადამიანს მივადექი საკუთარ სახლში, იმისთვის, რომ ასე მარტივად შევხედო ვითარებას და გამოვაცხადო, რომ ხალხი გამოთაყვანებულია. ხალხი გამოთაყვანებული კი არ არის, არსებობენ გამოთაყვანებული ინდივიდები, მაგრამ ხალხი მთლიანობაში რაციონალურია.
ტელევიზორს უყურებს ხალხი და ინფორმირებულიცაა - განსაკუთრებით, სოფლებში, საქონელს რომ დააბინავებენ, სხვა გასართობი არაფერი აქვთ, სხედან და უყურებენ ტელევიზორს.
ოღონდ უყურებენ სხვის დრამად. თვითონ ამ დრამაში არ ჩანან. უყურებენ, როგორც რომელიმე თურქულ სერიალს, თავისი გმირებით და ანტიგმირებით. რომელიღაც გმირს გულშემატკივრობენ კიდეც - მაგრამ როგორც ფილმის პერსონაჟს და არა როგორც პოლიტიკოსს, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის.
თქვენ მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებით - გვეუბნებიან ისინი და მართლები არიან.
გაიხსენეთ, ბოლოს როდის მივიდა პოლიტიკური ელიტა ხალხთან? მაშინ, როცა „გადამწყვეტ აქციაზე“ უნდოდა მათი ჩაყვანა. სინამდვილეში, ამ აქციით არაფერი წყდებოდა - გადაწყვეტა მოვა თანმიმდევრული პროცესით, რომელიც ერთ დღეზე გათვლილი არაა.
ეს აქამდეც ასე იყო. „რამდენი კაცის ჩამოყვანა შეგიძლია“ - ესაა ერთადერთი კითხვა, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ისმის - სხვა სამუშაო არ ტარდება.
„ყველამ მასე იცით, დაგვპირდებით და მერე აღარ ჩანხართ“ - ეს საყვედურიც ხშირად ისმის და მართლები არიან.
სიტყვის გატეხა, გადაგდება - წესადაა ქცეული და გამოთაყვანებული რატომაა ამომრჩეველი, რომლებიც პოლიტიკოსების სიტყვებს არ ენდობიან?
ადამიანები პოლიტიკურ პროცესში რომ ჩაერთონ, მასთან სიახლოვე უნდა იგრძნონ, თვითიდენტიფიცირება უნდა შეძლონ - უნდა ჩანდნენ ამ პროცესში. პოლიტიკურ დღის წესრიგს სამწუხაროდ ჯერ ტელემედია ქმნის. სოციალური მედიის გავლენა დიდია, მაგრამ ჯერ არა გადამწყვეტი. ვრცლად