“დასკვნა ერთია: მათ ეშინიათ ცოცხალი, დატყვევებული და მკვდარი “აზოველებისაც“ კი“ - რა პირობებში გაიმართება “აზოვსტალის“ მებრძოლების საჩვენებელი სასამართლო პროცესი
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პერტ ანდრიუშენკომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ რა პირობებში და სად გაიმართება “აზოვის“ ტყვეების სასამართლო პროცესი.
“დასკვნა ერთია: მათ ეშინიათ ცოცხალი, დატყვევებული და მკვდარი “აზოველებისაც“ კი“ - წერს ანდრიუშენკო.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები პროცესისთვის ციხის გისოსებს ფილარმონიის სცენაზე ამონტაჟებენ.
"ახლა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რუსი ოკუპანტები ციხის გისოსებს აწყობენ. არმატურის დიამეტრი 20 მილიმეტრია. დამპყრობლები გეგმავენ, სექტემბერში უკრაინის დამცველების საჩვენებელი სასამართლო მოაწყონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულის შეფასებისას ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კვლავ უგულებელყოფენ ყველა საერთაშორისო ნორმას.
"ისინი აგრძელებენ სამხედრო დანაშაულების რაოდენობის ზრდას და ახდენენ მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებელყოფის დემონსტრირებას“, - განაცხადა ბოიჩენკომ.
მან გაეროსა და წითელ ჯვარს მოუწოდა, ჩაერიონ არსებულ ვითარებაში და მიაღწიონ სამხედრო ტყვეებთან მოქცევის წესების შესრულებას.