"რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი, განუკითხაობა არსად მინახავს..." - ნუგზარ კვაშალი
ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრისთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი შეეწირა. 55 წლის ხელოვანი რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... მისი მეგობარი, მსახიობი ნუგზარ კვაშალი ჟურნალ “გზასთან” საუბარში ერთად განვლილ წლებს, მათ მეგობრობას იხსენებს.
"მალე 71 წელი მისრულდება. ბევრი სიკვდილი ვნახე, ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა, მაგრამ ახლა ყველა ტკივილი ერთდროულად განმიახლდა. ახალგაზრდა მეგობარი დავკარგე. შეძრული ვარ. ამ შეშლილ და გაუბედურებულ სამყაროში ადამიანის სახით მოვლენილი ერთი დიდი სიკეთე და სიყვარული ჩაქრა... უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ამქვეყნად მეორედ ვეღარ მოვალთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავადაც დავდივარ მანქანით ქალაქში და, რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი, განუკითხაობა არსად მინახავს... არავინ არავის უთმობს, ყველას სადღაც ეჩქარება, ვიღას ახსოვს კანონი, საგზაო მოძრაობის წესები, ადამიანური ურთიერთობები, შინაგანი კულტურა? მთავარია, თავისი გაიტანოს და რაც მთავარია, ყველას სჯერა, რომ ცუდი ამბავი მას არ დაემართება", - ამბობს ნუგზარ კვაშალი
წყარო: "გზა"