"სოსო გოგაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, არის ასობით ფაილი" - არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს
"სოსო გოგაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, არის ასობით ფაილი" - არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" პრესკონფერენცია გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლების ცნობით, ერთობლივი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების" ერთობლივი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.
მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ მამხილებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტები და გარემოებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” პროკურატურას გამოძიების დაწყების განცხადებით ოფიციალურად მიმართეს. ორგანიზაციებმა საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებული მასალები და მომზადებული ანგარიში გადასცეს.
ანგარიში სრულად: https://bit.ly/3yVX6D0
პრეზენტაციის ბმული: https://bit.ly/3Pr7E3U ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.