ჩხრეკა ჩატარდა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე?
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 18 ივლისს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ის სუს-ის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს და ბრალდება სამი მუხლით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინეს, რაც სასჯელად ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამის გარდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გოგაშვილის ქონებაც, რომლის თაობაზეც სუს-ის განცხადებაში გამახვილდა ყურადღება.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა“.
"ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქონებით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
გოგაშვილს დაკლარაციაში ოჯახის წევრებიდან მოხსენიებული ჰყავს უმცროსი შვილი პეტრე, რომელიც ახლა ათი წლის არის და მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი. მას, პეტრეს გარდა, ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს - ნინი და ნიკოლოზი, რომლებიც მამის დაკავების შემდეგ მედიასთან ოჯახის სახელით განცხადებებს ხშირად აკეთებენ.
დაკლარაციაში გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის სახელზეა ლისზე მდებარე 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ქალმა 2017 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.
იოსებ გოგაშვილმა 2016 წელს ავთო ვარაზის ქუჩაზე მდებარე 261 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად შეიძინა, თუმცა ნაკვეთისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 160,73 კვ.მ ფართობის სახლში კი გოგაშვილმა 75 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2000 წელს იოსებ გოგაშვილს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში, შირაქი ნაგომრებზე 12 502 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2019 წელსაც მის საკუთრებაში იყო.