"თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში... გპირდებით, პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით "პერედაჩაზე" - დეა აფციაური სოსო გოგაშვილს მიმართავს
"თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში... თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო თეთრი კაბის მაგივრად, გლდანის ციხის კედლებში მოვაწერე საყვარელ ადამიანთან ხელი" - მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ეკონომისტ ოთო აბესაძის მეუღლე დეა აფციაური სოციალურ ქსელში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს მიმართავს.
"ბატონო სოსო, ყველაზე სამწუხაროა, თქვენნაირი მშობლების გამო შვილები რომ იჩაგრებიან, მაგრამ ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე. თუმცა თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო 2017 წელს მშობლებიან-შვილებიანად შეიწირეთ მთელი ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო გარდაეცვალა ბაბუა, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დამიზიანდა ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობა და გაგვიმწარდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო თეთრი კაბის მაგივრად, გლდანის ციხის კედლებში მოვაწერე საყვარელ ადამიანთან ხელი; თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დავდიოდი ყოველდღე "პერედაჩებზე" ისე, რომ არ ვიცოდი, კიდევ 1თვე, 1 წელი თუ 10 წელი მომიწევდა გლდანის ციხეში ასე სიარული.
საბოლოოდ ზოგიერთი ადამიანი ტოვებს იმ ადგილს, სადაც უსამართლოდ ხვდება და სხვები იკავებენ იგივე ადგილს სამართლიანად…
გპირდებით, პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით "პერედაჩაზე".
კარმა უზენაესი სასამართლოა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის, ბატონო სოსო" - წერს დეა აფციაური.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე". უწყებას სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.