""ბატონო სოსო, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო შეიწირეთ ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა... თქვენ გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში" - დეა აფციაური გოგაშვილს
დეა აფციაური, რომელიც ოთო აბესაძის მეუღლეა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას პასუხობს და მას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.
როგორც აფციაური წერს, სწორედ გოგაშვილის არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა მისი მეუღლე 2017 წელს ციხეში.
"ბატონო სოსო, ყველაზე სამწუხაროა, თქვენნაირი მშობლების გამო შვილები რომ იჩაგრებიან, მაგრამ ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე. თუმცა თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო 2017 წელს მშობლებიან-შვილებიანად შეიწირეთ მთელი ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო გარდაეცვალა ბაბუა, თქვეენი არასამართლიანი ქმედების გამო დამიზიანდა ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობა და გაგვიმწარდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.
თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო თეთრი კაბის მაგივრად, გლდანის ციხის კედლებში მოვაწერე საყვარელ ადამიანთან ხელი, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო დავდიოდი ყოველდღე “პერედაჩებზე” ისე, რომ არ ვიცოდი, კიდევ 1თვე, 1 წელი თუ 10 წელი მომიწევდა გლდანის ციხეში ასე სიარული.
საბოლოოდ ზოგიერთი ადამიანი ტოვებს იმ ადგილს, სადაც უსამართლოდ ხვდება და სხვები იკავებენ იგივე ადგილს სამართლიანად… გპირდებით პირველ ხილს და წვენს მე შემოგაწვდით “პერედაჩაზე” კარმა უზენაესი სასამართლოა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის, ბატონო სოსო" - წერს დეა აფციაური.
ცნობისთვის, დეა აფციაურის მეუღლე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთო აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა 2017 წელს დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა. იგი პატიმრობიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლდა.
რაც შეეხება სოსო გოგაშვილის წერილს, მან დღეს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. თქვა, რომ აქვს ფაქტები 2021 წლის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაზეც მისი თქმით, ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებს.