loader

"ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო "ქართული ოცნების" გუნდს" - ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო "ქართული ოცნების" გუნდს" - ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, რამდენიმე დღის ნაფიქრი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გითხრათ: ჩემი "ქართული ოცნება" ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, - დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს "ქართულ ოცნებაში" არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრ მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით - აქ არაფერი არ მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ...!!!

ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, "ქართული ოცნების" გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.

რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!

თუკი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგოს. ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - "ნაცების" საქმის გაკეთება გამოგვივა.

დაბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე "ქართული ოცნების" გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!" - წერს გიორგი ღამბაშიძე.

თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ და თერჯოლის საკრებულოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს.

ომარ ჯიხვაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ „როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“.

ნიკა სამხარაძის თქმით კი, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა „ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“.