"მირეკავენ და მწერენ თბილისიდან, რეგიონებიდან, კურორტებიდან, დამიდასტურდაო... ნეგატიური ტესტების პასუხებს ნუ ენდობით" - ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი-ეპიდემიოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
"მირეკავენ და მწერენ თბილისიდან, რეგიონებიდან, კურორტებიდან, დამიდასტურდაო. მეტწილად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ საავადმყოფოებში მიმართვიანობა მომატებულიაო. წვეულებებზე, რომლებიც გარეთ, ღია სივრცეში არ არის დაგეგმილი, გირჩევთ, არ წახვიდეთ. დახურულ სივრცეში სჯობს ვატაროთ ნიღაბი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი-ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა წერს.
მისივე თქმით, ტესტირება ხშირად ცდება და ნეგატიური ტესტების პასუხებს არ უნდა ენდოს საზოგადოება.
"მირეკავენ და მწერენ თბილისიდან, რეგიონებიდან, კურორტებიდან, დამიდასტურდაო. ამას ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმირებულობა არ გვაწყენს. მეტწილად (!) მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ საავადმყოფოებში მიმართვიანობა მომატებულიაო, მწერენ (ბევრი ექიმი მყავს მეგობრებში).
მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, მეზობლებზე, ნათესავებზე, თანამშრომლებსა და გარემოცვაზე დაკვირვებით, "გუგლის" და უცხო ენის ცოდნით რომ ეპიდვითარებას ვერ შევაფასებთ, გვახსოვს წინა წლების გამოცდილებიდან. გავიზარდეთ და ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ასე რომ იყოს, პროფესიული განათლება საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. ჰო, კიდევ, მათ, ვისაც მსგავსი ინფორმაცია, ფაქტები, მონაცემები აღიზიანებს და პრევენცია სტრესავს, რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ ჩამკეცოთ... ჯანმრთელობას გისურვებთ!
ტესტირება ხშირად ვერ ადგენს (false negative ბევრია) და ნეგატიური ტესტების პასუხებს ნუ ენდობით. ნებისმიერი გაციება და ყელის ტკივილი უნდა მივიღოთ, როგორც ინფექცია. ასე აჯობებს. ტყუილად გაფრთხილება სჯობს სხვადასხვა დიაგნოზით ისედაც დატვირთული მოსახლეობის მასობრივ ინფიცირებას. წვეულებებზე, რომლებიც გარეთ, ღია სივრცეში არ არის დაგეგმილი, გირჩევთ, არ წახვიდეთ. დახურულ სივრცეში სჯობს ვატაროთ ნიღაბი.
P.S. ყველგან მატულობს, მაგრამ შეზღუდვები ჯერ არ წესდება. ამას თავისი მიზეზები აქვს "ომიკრონის" შემთხვევაში. ყველგან არის განცდა, რომ მიუშვეს. მარტო არ ხართ. გლობალურად WHO/US CDC/EU CDC-ის რეკომენდაციებს აცდენილები არ ვართ. რაც შეეხება მეოთხე დოზას, მარტივი პასუხი არ მაქვს. თუ სამსახურის, თანმხლები დიაგნოზების ან პატარების გამო (სპორტული აქტივობები, ბაღი...) რისკები მაღალი გაქვთ, მეორე ბუსტერს "ფაიზერით" გირჩევთ. თუ არადა, ცოტა მოიცადეთ და ნიღაბი ატარეთ დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური ვაქცინა საქართველოს აქვს და ველოდებით "ომიკრონ-სპეციფიკურ" ან მულტივალენტურ ვაქცინას. "ნოვავაქსის" მონაცემებს კარგად ვიცნობ, უფრო ეფექტური "ფაიზერია".
დამატებით შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდვაქცინებზე რეკომენდაციას ვაქცინების საბჭო გასცემს მეტწილად (1) WHO-ს ავტორიზაციის, (2) ადგილობრივი ეპიდვითარების და (3) ვაქცინაზე ხელმისაწვდომობაზე დაყრდნობით. კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი, მაგრამ შეიძლება არ იყოს საინტერესო ამ დეტალებზე საუბარი" - წერს თამარ ქვარცხავა.