loader

"ტრაგედიის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა" - რას ჰყვებიან გივი კუბლაშვილის მეგობრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრაგედიის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა" - რას ჰყვებიან გივი კუბლაშვილის მეგობრები

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. იგი თავის არეში უმძიმესი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-8 საავადმყოფოში გუშინ შეიყვანა. კლინიკასთან მთელი ღამე გაათენეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ყველა გივიკოს გამოჯანმრთელებაზე ლოცულობდა, რადგან ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ. ყველაფერი კეთდებოდა მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. უამრავი ტკვილიანი სტატუსი გაჩნდა სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, გივი კუბლაშვილმა სამსახურში მიიღო ტრავმა ე.წ დევეპეს გადმოცვენის შედეგად.

კახა კვეკვესკირი, მეგობარი: მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით მეგობრები, დილით 7 საათზე მომიწია იქიდან წამოსვლა აუცილებელ საქმეზე და სადღაც 2 საათში გავიგე, რომ ჩვენი უკარგესი მეგობარი ცოცხალი აღარ გვყავდა. მართალია ექიმები ამბობდნენ, რომ ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ მაინც არ ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა მას რამე მოსვლოდა და ვლოცულობდით მის გადასარჩენად.

ტრაგიკული შემთხვევა მის სამსახურში გუშინ, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში მოხდა. ერთ-ერთ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა. წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო. როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა.

თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ. ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს. ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო. დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა.

საოცარი ბიჭი იყო. დიდი ხანია ვმეგობრობთ და მართლა გვტკივა გული. ძალიან განათლებული იყო, რამდენიმე ენას ფლობდა. მეგობრები ბუკინგს ვეძახდით, არ არსებობდა თემა, მას რომ ამომწურავად არ ესაუბრა. ადრე კენჭს იყრიდა დიდუბეში მაჟორიტარად. ბოლო წლები შეეშვა პოლიტიკას, ორ შვილს ზრდიდა და მათ განათლებაზე იყო გადართული, თუმცა აქციებზე მუდმივად მოდიოდა და ძალიან აქტიურობდა კიდეც. ბოლო დროს პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობდა. უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო.

12 ივლისს ვარ დაბადებული და შარშან ჩემს დაბადების დღეზე ჩვენი მეგობრები შეკრიბა და დაბადების დღე მან გადამიხადა. ასეთი გულიანი, ძალიან ყურადღებიანი ბიჭი იყო. არ არსებობს ადამიანი, ვინც მასზე ცუდს იტყვის. ამერიკაში წასვლა უნდოდა და ორჯერ სცადა "გრინ კარტის" მოგება, მაგრამ არ გაუმართლა. სამსახურის პოვნა საქართველოში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ამ სამსახურით კმაყოფილი იყო, თავისი პატარა მაღაზიაც გახსნა და შრომობდა.

ქვეყანამ ძალიან მაგარი ადამიანი დაკარგა. ობლობაში იყო გაზრდილი. გივიკოს მამა ავტოავარიით იმ ასაკში გარდაეცვალა, რა ასაკშიც ახლა მისი შვილები არიან. დედამ გივიკო ძმასთან ერთად ობლობაში გაზარდა. საოცარი ოჯახი ჰყავს. ოჯახის წევრებს ვიცნობ და ვუთანაგრძნობ ყველას ამ უდიდეს ტკივილს. ხუთშაბათს მამა დავკრძალე და ოთხშაბათს მამაჩემის სამძიმარზე იყო მოსული, ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. მითხრა, ცოტა გადავიღალე ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც, ძალიან საპასუხიმგებლო საქმეს მოვრჩი ძალიან მაგრად და ახლა ცოტას დავისვენებო. ეს იყო ოთხშაბათს და პარასკევს ეს საშინელი ამბავი მოხდა. ძალიან გვტკივა გული. ისეთაც ცოტანი დავრჩით საქართველოში ქართველები და ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდის გარდაცვალება მართლაც კატასტროფაა.

განაგრძეთ კითხვა