რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი? - "ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა, კოვიდმა ძალიან ცუდი რაღაც დამიტოვაო, მენჯის ძვლის შლა ჰქონდა"
"ლევანის ძალიან ახლო მეგობარი ვიყავი და არა მარტო მეგობარი, პროფესიული კუთხითაც ერთმანეთის თანამოაზრეები გახლდით... ბოლო პერიოდში მენჯზე ჰქონდა პრობლემა... კოვიდი რამდენჯერმე გადაიტანა. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა - კოვიდმა ძალიან ცუდი რაღაც დამიტოვაო - მენჯის ძვლის შლა ჰქონდა" - ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ლონდარიძემ გარდაცვლილ ლევან კბილაშვილზე საუბრისას Ambebi.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემა არაფერი ჰქონდა.
"რეალურად ძნელია თქმა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს გახდა მიზეზი...
ოპერაცია იყო გასაკეთებელი, ჯოხითაც დადიოდა და იმპლანტაციას საჭიროებდა. ტკივილი ხან უნელდებოდა, ხან უმატებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ოპერაციამდე ვერ მივიდა. კონცერტებით იყო დატვირთული, რაც ხელს უშლიდა და ეს ეტაპი ასე გაეწელა" - აცხადებს დათო ლონდარიძე.
როგორც მუსიკოსი ამბობს, ლევან კბილაშვილი ბოლო 6 წელი მოსკოვში საქმიანობდა.
"ჰყავდა ჯგუფი, ბენდი და მუსიკალური კუთხით აქტიურად მუშაობდა. გუშინაც ჰქონდა კონცერტი, რომელიც წარმატებით ჩაატარა, ეს "ფეისბუქით" და "სთორებით" გავიგეთ.
დღე-დღეზე ჩამოსვლას აპირებდა და ცოტა ხანში საერთოდ საქართველოში დაბრუნებას. ისე, სულ წასულიც არ იყო, უმეტესად მიდიოდა და ჩამოდიოდა ხოლმე...
ჰყავს მშობლები და და-ძმა - დიდი ოჯახი. თვითონ პირადი ოჯახი ჯერ არ ჰქონდა" - ამბობს დათო ლონდარიძე.
მომღერალი ლევან კბილაშვილი გუშინ, მოსკოვში გარდაიცვალა. როგორც მომღერალი სოფო ბედია ამბობს, ბინაში, სადაც ლევან კბილაშვილი იმყოფებოდა, კარი შეამტვრიეს და მომღერალი დაახლოებით 10 საათის გარდაცვლილი დახვდათ. ლევან კბილაშვილი 2011 წელს "ჯეოსტარში" მონაწილეობდა.