როდის აღუდგება თბილისის ნაწილს წყალმომარაგება? - GWP-ის განცხადება
თბილისის ნაწილს წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყლის მიწოდების დრომ 18:00 საათამდე გადაიწია.
მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა საგურამოს ტერიტორია დატბორა. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი. წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, გუშინდელი დღიდან კომპანიის მიერ ჩატარდა ყველა აუცილებელი სამუშაო. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა საგურამოს სათავე ნაგებობაზე. გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი, წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება. კომპანია აგრძელებს აუცილებელ სამუშაოებს სტაბილური წყალმომარაგების აღდგენის მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.