ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა
დღეს, 6 ივნისს, ჩაქვში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტობუსი ბათუმი-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა.
„ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.
გადაყირავებული ავტობუსი შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადმოაბრუნეს.