"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა; აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო..." - ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან
პიარის სპეციალისტი ეკა ჟვანია გარდაცვლილ ილია ელოშვილის შესახებ წერს. ის სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს, რომელებიც აფხაზეთის ომის დროსაა გადაღებული. როგორც ის წერს, კონკრეტულ ვიდეოში, სადაც ბერეტიანი მებრძოლი ჩანს, სწორედ ილია ელოშვილია აღბეჭდილი.
"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ, ეს ბუნჩულა, კეთილი ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო. როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი, ჩემი უბნელი, ისე გამიხარდა... ჩემთვის უცხო და "რაღაცნაირ" გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა. რთული პირადი პერიოდი ჰქონდა ემოციურად, "მელაპარაკე დედუ"...
ძალიან დიდი ხანია არ გვილაპარაკია. დღეს დილიდან "ველაპარაკები", "ვეჩხუბე" კიდეც... ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარე-თქო და - ტეხავს ახლა, მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა. აი, რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს.
ბევრ რამეს არ იმჩნევდა. ბევრს. დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი, მგონი, არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: - მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა" - წერს ჟვანია.