"პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ამის დამკვეთს, ბიძინა ივანიშვილს, მის ყურმოჭრილ მოსამართლეებსა და პროკურატურას..." - მამუკა ხაზარაძე
უკვე 3 წელზე მეტია, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა იმ სისტემის სრული ლუსტრაცია მიმდინარეობს, რომელიც მართულია ერთი კაცის მიერ.
„ძალიან მალე ჩვენ ამ ყურმოჭრილი შემსრულებლების ვინაობას ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებაში, დევნაში იღებს მონაწილეობას, საკადრისი პასუხი გაეცემა არა მარტო სანქციების კუთხით, არამედ უამრავი სხვა გზით. ყველა ის ადამიანი, რომელიც არა მარტო ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, არამედ ყველა სხვა საქმეში არის ჩართული, იქნება ეს პროკურატურა თუ მოსამართლე, ყველას გაეცემა კანონის შესაბამისად საკადრისი პასუხი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.