"ეს განსაკუთრებით რთულია ჩემთვის, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ" - ნიკოლოზ წულუკიძე ეთერს დაუბრუნდა
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე 2 წლის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა.
"მე ვიწყებ ისევ გადაცემას. ჩემთვის ეს არის განცდა, თითქოს პირველად გხვდებით. ეს განსაკუთრებით რთულია ჩემთვის, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ. ამ გადარჩენისთვის მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, იმიტომ, რომ ისეთი სიყვარული, იმედი და ძალა ვიგრძენი თქვენგან, რომ არ შემეძლო არ გამეგრძელებინა. დიდი მადლობა ყველას. ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ გადაგიხადოთ ის თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის რთულ დღეებში გამოიჩინეთ" - აღნიშნა წულუკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ წულუკიძის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა.
ვიდეო: "TV იმედი"