"ყველაფერს საგანგაშოს ნუ ხდით და ნუ აპანიკებთ ხალხს" - სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ეკიპირებული პირები ფიგურირებენ
თბილისში ხე-მცენარეების შეწამვლას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეო, სადაც ეკიპირებული ადამიანები ჩანან, რომლებიც შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებენ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეოს გადამღები ეკიპირებულ პირებს უნდობლობას უცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვიდეოშივე განმარტავენ, რომელი სამსახურის წარმომადგენლები არიან და რას აკეთებენ.
თბილისში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს დედაქალაქის მერიის შპს "ეკოსერვის ჯგუფი" ახორციელებს. როგორც palitravideo-ს "ეკოსერვის ჯგუფში" განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მერია განცხადებას გაავრცელებს, სადაც სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.
სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილი წერს, რომ ამ გზით ვირუსი ვრცელდება, ნაწილი კი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შესახებ კონსპირაციული თეორიები სიმართლეს არ შეესაბამება და პანიკა უადგილოა.
"ხელოვნურად აკეთებენ ვირუსს, რომ ფული ჩაიდონ";
"ახლა ბავშვების ჯერია, სპეციალურ ვირუსებს უშვებენ, რომ დააავადონ. ხომ უნდა შეიქმნას ახალი ქაოსი, რომ ხალხმა ყურადღება სხვა რამეზე არ გაამახვილოს";
"თქვე არაადამიანებო!!! მერე დაიწყებთ, ვირუსებია ბავშვებში გავრცელებულიო. ვინ ხართ, მართლა ეშმაკის ნაშიერები!!!"
"ახალ ვირუსზე, რომელზეც საუბრობენ, გადადის ზუსტად ასე - მივა ძაღლი, ბავშვი მისცემს ალერგიას და დაიწყება პანიკა. გაუსაძლისი ხდება ცხოვრება ამ მსოფლიოს მმართველი ვირთხების გამო";
"დღეში 90-ჯერ გკითხავენ, რით შეწამლონ მცენარეთა მავნებლები და... ფიტოსანიტარიის სამსახური რომ სკვერებში მცენარეთა დაავადებებს ებრძვის და მავნებელს წამლავს, ისტერიკა ემართებათ. არაფერი არ გვეშველება, აი, არაფერი. თქვენ შეგჭამათ მავნებლებმა სკვერებში, ძაღლი ვერ გამყავს ბაღებში, ეგრევე იკიდებს მკბენარებს და თუ ამას აკეთებენ, რატომ ეჩხუბებით? უფრო კომპეტენტურად, წადით და მოიკითხეთ, ემთხვევა თუ არა შესაწამლი საშუალება იმას, რაც გადაწყვეტილებით და ნორმატიული აქტით აქვთ განსაზღვრული. ბიოს თუ ითხოვთ, ესეც გაიაზრეთ, რა დაჯდება და მერე ისტერიკას ნუ აწევთ, რამდენი იხარჯება";
"მცენარეებსა და ქვეწარმავლების წამლავენ ალბათ... რომ არ შეწამლონ, ახლა მაგაზე ატეხავთ ერთ ამბავს. წაიღეთ ლაბორატორიაში და გაიგებთ, მაღალი კონსისტენციით არის თუ არა. ყველაფერს საგანგაშოდ ნუ ხდით და ნუ აპანიკებთ ხალხს";
"რა პანიკიორები ხართ? იკითხეთ მაინც, ამ სეზონზე რამდენი უცნაური მწერი და ქვეწარმავალი დადის სკვერებში? გინახავთ ჯოჯო ან მორიელი პატარა? ობობა ან უცნაური მწერი, რომლის ნაკბენიც ისეთია, ზოგჯერ სასწრაფო ვერ მოუსწრებს? ნიღაბი იმიტომ უკეთიათ, შესუნთქვამ არ მოწამლოთ. კარგად გაარკვიეთ..." - წერენ სოციალურ ქსელში.