loader

“დადგა დრო, რომ თუ ვერ ვიმეგობრებთ, ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ - პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება“ - თინა კანდელაკი ვრცელ წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დადგა დრო, რომ თუ ვერ ვიმეგობრებთ, ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ - პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება“ - თინა კანდელაკი ვრცელ წერილს აქვეყნებს

“ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე.

ცუდზე წერა არ მინდოდა, ხოლო კარგი ამბები საქართველოდან ბოლო წლებში არ გამიგია. ან გავრილოვს სვამენ პარლამენტში არასწორ სკამზე, ან პოზნერს დაბადების დღეს უშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველი ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.

საქართველოს დღევანდელი მმართველობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. ქართული რუკის გატეხა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს გაეხსნა ე.წ. მეორე ფრონტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დაეწესებინა გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინელმა პროპაგანდისტმა - არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის, სამხედრო გზითაც. როგორც ჩანს, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები მიშას 10 წლის წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ დემონსტრირება მოახდინა მათი მტკიცე პოზიციისა იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ომის გზით გადაჭრა შეუძლებელია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კი “საკუთარ ფეხში გასროლა“ უწოდა.

ასევე, მიუხედავად გლობალური მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ვუყურებთ, “გამარჯვების დღე“ წელს ძალიან თბილად და სწორად აღინიშნა საქართველოში: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა ვეტერანებთან, სახელმწიფო დახმარებები ვეტერანებისთვის და ა.შ.

როგორც უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები, რომ ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლი წაშალონ, საქართველოში ეს შეუძლებელია. 1941 წელს ფრონტზე საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) წავიდა, ცოცხალი ნახევარზე ცოტა მეტი დაბრუნდა. “საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე კი რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლესი მმართველები იყვნენ ქართველები - ჯუღაშვილი და ბერია.

ამის შესახებ ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. და ვერანაირი “სააკაშვილები“ ამას წინ ვერ აღუდგებიან. სააკაშვილი უკვე დიდი ხანია მივიწყებულია და წარსულს ეკუთვნის, ხოლო დაუვიწყარია რევაზ ჩხეიძის დიდებული საბჭოთა ფილმი "ჯარისკაცის მამა", რომელიც ჩემზე უკეთ ხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის ფაშიზმზე - როგორც კაციობრიობის მთავარ ბოროტებაზე გამარჯვება.

იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან ვხედავ არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც ისე მარტივია. არსებობს ბევრი გადაუჭრელი საკითხი და პოლარული შეხედულებები. მაგრამ ვფიქრობ, დადგა დრო იმისა, რომ თუ ვერ ვიმეგობრებთ, ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ:

რუსებს საქართველოს მოსანახულებლად ვიზა არ სჭირდებათ;

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა თითქმის შეუძლებელია;

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებონენ, რომ სცოდნოდათ, რომ ქართველებისთვის მოსკოვში შესვლა შეუძლებელია, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ" - წერს თინა კანდელაკი ტელეგრამ-არხზე.