"უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები იმ საფრთხეების შესახებ, რაც არ არის გამორიცხული! თან ზაფხული ახლოვდება" - ზურაბ სიხარულიძე
ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ახალგაზრდებს აფრთხილებს. მისი თქმით, ბაზარზე ახალი სინთეტიკური ნარკოტიკი გამოჩნდა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება.
"დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად, უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები იმ საფრთხეების შესახებ, რაც არ არის გამორიცხული, რომ დადგეს! თან ზაფხული ახლოვდება და დიდი მიგრაცია არის ქვეყანაში.
ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება - ეს დაუწერელი კანონია. მასე მოხდა ჩვენთან, მასე მოხდება უკრაინაშიც და შემდგომი პერიოდიც მაგ მხრივ იქნება მაგ ქვეყნისთვის ძალიან რთული. არც მანამდე ჰქონდათ კარგი სიტუაცია, მაგრამ ახლა აუცილებლად დიდი აფეთქება იქნება! ჩვენც ჩართულები ვართ ამ ომში იდეურად, პროპაგანდისტულად, რეალურად, ირიბად თუ პირდაპირ. ეს ჩვენს რეგიონში ხდება და ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ის, რომ საომარი მოქმედებები არ არის ჩვენს ქვეყანაში, ეს არაფერს დიდს არ ნიშნავს.
გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობის ახალგაზრდა და უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. ამის დასტურია სოციალური ქსელები - "ტიკ-ტოკი", "ინსტაგრამი" და უბრალოდ ქუჩაში რასაც ვხედავთ, და კიდევ უფრო მოემატება, ვინაიდან ჯერ დასასრული არ ჩანს და კიდევ უფრო გამძაფრდება სიტუაცია. შესაბამისად, გაიზრდება მიგრაციული პროცესები, რაც თავისთავად მოახდენს ნარკოტიკების შემოდინებას ქვეყანაში და ეს არის "დარქნეტის" გააქტიურება და მისი როლი ახლა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება და გასაღება. ამას ცხადყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგები ამ ბოლო პერიოდში და მიმართვიანობის გაზრდა.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხი ამ ნივთიერებების არის ძალიან დაბალი და მათი ტოქსიკურობა საკმაოდ მაღალია. ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომლებიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის. მათი მოხმარება ქართველ მოხმარებელს უქმნის ძალიან დიდ პრობლემებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომატებულია საკმაოდ ალკოჰოლის მოხმარებაც, რაც ასევე ჩვენ სტუმრებთან თუ ლტოლვილებთან არის დაკავშირებული და საკმაოდ პრობლემატურია! ამიტომ აუცილებლად გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ნუ ენდობით უცნობ დილერებს და არ იყიდოთ თქვენთვის უცნობი ნივთიერებები, ვინაიდან როგორც ყოველთვის, საღდება, როგორც უვნებელი და აღმოჩნდება, რომ არის უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკები, რომლების მოხმარებაც იწვევს საკმაოდ დიდ ზიანს და არის ზედოზირების მაღალი რისკი. ასევე არსებობს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ზიანის განვითარების საშიშროება!
საღდება, როგორც ელიტარული ნარკოტიკები და მოიხმარება დახურულ "ივენთებზე". ახალი სინთეტიკური ნარკოტიკები მაღალი ლეტალობით ხასიათდება, იწვევს ქცევის მოშლას, ეიფორიას, შემდგომ ძილიანობას, ძლიერ ტკივილს გულმკერდის და თავის არეში, არსებობს ინფარქტის და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი! თუ მაინც მოიხმარეთ ან თქვენ, ან თქვენმა ახლობელმა და გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები ან ხედავთ, რომ თქვენ გვერდში მყოფს აქვს უცნაური ქცევა, არაადექვატურია - ვერ ერკვევა დროსა და სივრცეში, აუცილებლად მიმართეთ 112-ს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში!! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს." - წერს ზურაბ სიხარულიძე.