"ამბობენ, რომ მოგვკლავენ - მე, ჩემს ცოლს და შვილებს" - არესტოვიჩი აცხადებს, რომ ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც თავს "აზოვის“ მებრძოლების ნათესავებად წარმოადგენენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მას და მის ოჯახს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ "აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან, სიკვდილით ემუქრებიან. ამის შესახებ მან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს "აზოვის" მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გველოდება, მოგვკლავენ მე, ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ, ნაძირლები, კიევში ვსხედვართ. მინდა შევახსენო ყველა ამ "გმირს", რომლებიც ასეთ რამეებს წერენ, რომ არსებობენ მესაზღვრეები, პოლიცია, უკრაინის პოლიციის სპეცრაზმი, 36-ე საზღვაო ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული დაცვა "აზოვსტალზე". მათი ახლობლები რატომღაც არაფერს წერენ. ასე რომ, გონს მოდით, ბიჭებო", - განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, მას არ აქვს წყენა "მწუხარებისგან შეშლილი" ადამიანების მიმართ, მაგრამ მათ, ვინც "აზოვის“ მებრძოლების ოჯახს და ახლობლებს ამ იდეას აწვდის, ურჩევს, დაფიქრდნენ, რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას.
„ვინც მათ მსგავს რაღაცებს ეუბნება, დაფიქრდი მარტივ ფაქტზე: ჩემი ნათლული ახლა მარიუპოლშია. ახლა კი ისმის კითხვა: შეიძლება გვინდოდეს, რომ ის იქ ყველა სხვასთან ერთად მოკვდეს, ტყვედ ჩავარდეს და ასე შემდეგ? გარდა ამისა, მარიუპოლში პრეზიდენტის მთელ ოფისს ჰყავს ნათესავები და მეგობრები", - თქვა არესტოვიჩმა.
მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის ოფისის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსაც იმის თაობაზე, რომ არ მონაწილეობენ "აზოვსტალის" მებრძოლების გადარჩენაში. არესტოვიჩმა ამ ბრალდებებს "ბინძური პოლიტიკური თამაში" უწოდა.
„ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყველა მებრძოლისთვის. რომელიმე მებრძოლი რომც დაგვპირდეს დახვრეტას მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, მე მაინც ვიბრძოლებ მისთვის, რომ ცოცხალი დაბრუნდეს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.