"უცნაური რამის თქმა მომიწევს..." - ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვა სასამართლოზე
"უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს საკუთარ თავზე ვიღებ. თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო. ბუნებაში რაც არ არის, ვიღებ საკუთარ თავზე" - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სასამართლოში საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილ იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას, ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.