loader

"მთავრობას ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორშაბათს, 18:00 საათამდე, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ" - სააკაშვილის ოჯახის  ულტიმატუმი ხელისუფლებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავრობას ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორშაბათს, 18:00 საათამდე, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ" - სააკაშვილის ოჯახის  ულტიმატუმი ხელისუფლებას

ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ - თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

დავით სააკაშვილმა საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, ოჯახს დაეხმარონ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გაყვანა მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილის ძმის თქმით, მთავრობისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოჯახი უწყვეტი აქციების დაწყებას გეგმავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საშუალება მიეცეს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გაცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე, როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, რომლებისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენ ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა, რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია, მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება, იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს მთავარობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური. ამის თანამონაწილე არ უნდა გავხდეთ არავინ. ვაძლევთ გონივრულ ვადას ორშაბათს საღამომდე, ამის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება, იმკურნალოს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

მიშა, გამაგრდი, ძალიან მაგრად უნდა იყო. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ყოველთვის გინდოდა და გენდომება სულ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ შენ გვერდით ვართ, საქართველო არ მიგატოვებს, ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

წყარო: "TV პირველი"