მსოფლიოში კოვიდის ახალი შტამი "დელტამიკრონი" გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?
"მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა. ღმერთმა ქნას, დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა თავისი განახლების უნარი უკვე რამდენჯერმე გამოავლინა", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის - "დელტამიკრონით" ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა.
ცერცვაძის განცხადებით, ახალი შტამი "დელტას" და "ომიკრონს" აერთიანებს და შესაძლოა, მას "ომიკრონის" გავრცელების უნარი და "დელტას" მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს.
"საქართველოში "ომიკრონის“ ტალღა მიდის დაღმავალი გზით. ინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვალების რაოდენობა ნამდვილად ყოველ დღე მცირდება. ნუ მოგვატყუებს, რომ დღეს ორშაბათია და 500-მდე ახალი შემთხვევა იყო. ეს ასე არ იქნება, სადღაც 1 000 შემთხვევა იქნება. გუშინ კვირა იყო და ამიტომ გამოკვლევები იყო მცირე, მაგრამ მაინც მცირდება. საქმე იმაშია, რომ მეკითხებიან ხშირად, მოსახლეობას აინტერესებს დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა თავისი უნარი განახლების და ახალი შტამების გავრცელების.
ახლაც, რიგმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაფიქსირებულია ახალი შტამი და რომ ეს ახალი შტამი მათ დააფიქსირეს სულ ცოტა 17 ავადმყოფში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, მათგან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული "დელტასი" და "ომიკრონის" და პირობითად მას დაარქვეს "დელტამიკრონი". ოღონდ ეს პირობითი სახელია და რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს როგორც ომიკრონი, ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება.
ეს არის ჰიბრიდი "დელტასი" და "ომიკრონის". კერძოდ, მას აქვს ომიკრონის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად გავრცელების სიჩქარეზე. ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცილები მას აქვს "დელტასგან", ასე რომ ამ სტრუქტურის ვარაუდით, შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი, გადამდებლობა და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.