loader

"ამ უკიდურესად რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ" - შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ უკიდურესად რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ" - შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადება

"მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინა და იქ მიმდინარე მძიმე მოვლენებია, საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, შევხვდე ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს და შემდეგ შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი. მინდოდა იმის მოსმენა, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ყურადღების ცენტრში უკრაინა და იქ მიმდინარე მძიმე მოვლენებია, საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გზა ევროპისკენ, რათა გავატაროთ ყველა აუცილებელი რეფორმა. ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალი გარემოებები ახალ პერსპექტივებს მისცემს, მაგრამ ამისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვედრის შედმეგ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც გააკეთა:

„მოგეხსენებათ, უკიდურესად მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროკავშირს ძალიან მკაფიო, მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს. საქართველოსთან მეგობრები და პარტნიორები ვართ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოგეხსენებათ ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოში. მხარი დავუჭირე ძალისხმევას სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისა და დემოკრატიული რეფორმებისთვის. ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან ერთად მკაფიო პოზიცია გვაქვს: გვსურს ვაჩვენოთ ჩვენი მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა. ჩვენ გამოვავლინეთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ უკიდურესად რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირები ძალიან ხელშესახებია საქართველოში ხალხისთვის“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.