"ომიკრონის" მიმდინარეობისას, ბავშვების ამ ასაკობრივ კატეგორიაში არსებობს რისკები, რომ მაღალი ცხელების ფონზე სხვადასხვა გართულება განვითარდეს" - ალექსანდრე გოგინავას რჩევები მშობლებს
როგორ მიმდინარეობს "ომიკრონი" ბავშვებში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მსობლებმა - ამ და სხვა პოსტკოვიდური გართულებების შესახებ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:
"ბავშვებში "ომიკრონს" აქვს თავისებური მიმდინარეობა. განსაკუთრებით, პირველ დღეებში ახასიათებს ცხელება, ანუ ბავშვებს აქვთ ხოლმე მაღალი, 39-40 გრადუსი ტემპერატურა, რომლის სახლის პირობებში მართვა მშობლებს უჭირთ და ხშირად ხდება ეს ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, იმიტომ, რომ ვერ ახერხებენ ტემპერატურის რეგულირებას. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირე ასაკის ბავშვებში - ახალშობილებში, წლამდე, 3 წლამდე ბავშვებში. ამ ასაკობრივ კატეგორიაში რისკები არის, რომ მაღალი ცხელების ფონზე სხვადასხვა გართულება განვითარდეს. ესაა ძირითადად განმასხვავებელი სხვა შტამებისგან და ამის გამო არის გაზრდილი მიმართვიანობა ჰოსპიტლებში "ომიკრონის" დროს. კარგი რაც აქვს "ომიკრონს", შედარებით "დელტასგან", ისაა, რომ ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ფილტვების დაზიანების ალბათობა ბევრად დაბალია.
დედებს, პირველ რიგში, ცხელების ნუ შეეშინდებათ. საყურადღებოა, თუ ტემპერატურული რეაქცია ხანგრძლივდება 3 დღეზე მეტხანს, ვგულისხმობ 38-ზე მაღალ ტემპერატურას, მიმართონ ექიმს. თუ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებას, თუ ბავშვი ვერ არის აქტიური, არ იღებს საკვებს, სითხეს, ძილიანობა გამოიხატება, აუცილებელია დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. თუ ბავშვს აქვს ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნები, ანუ აქვს ხმაურიანი სუნთქვა, უჭირს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ეს ის ნიშნებია, რასაც აუცილებლად დროულად უნდა მიექცეს ყურადღება", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
წყარო: https://www.ambebi.ge/article/272446-omikronis-romeli-kveshtamia-chventan-gavrcelebuli-r/