"სამწუხაროდ, მიწევს აღიარება..." - ნიკა მელია
მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმები ვიქნებოდით - ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოიაზრებს თუ არა საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.
მისივე განცხადებით, მოსახლეობამ განსაჯოს, თუ რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების დუმილი უკრაინასთან დაკავშირებით.
"მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს თავისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება.
სამწუხაროდ, ეს რეალობა უკრაინელებისა და ქართველებისთვის არის არასახარბიელო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მიმართ, თავად, მოდით, საქართველოს მოქალაქემ განსაჯოს, რამდენად ადეკვატურია დუმილი, რამდენად ადეკვატურია განცხადების არგაკეთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასეთ ადამიანს, ვისაც იოტისოდენა ხარისხით მაინც შერჩენია ობიექტურად ვითარების შეფასების უნარი, არ ვიცნობ. სხვა საკითხია, როდესაც შენ სხვადასხვა სუბიექტური მოსაზრების გამო გიწევს შავზე თეთრის თქმა. ასეთი ადამიანები, ვაღიარებ, არსებობენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.