“მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ“ - თაკო ტაბატაძის პირველი კომენტარი მედიაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თაკო ტაბატაძე და გია ბარაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 18 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 19-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
Ambebi.ge-სთან საუბარში თაკო ამბობს, რომ ბავშვებისთვის სტრესის არიდებას ცდილობდნენ და ამაზე საჯარო საუბარი არ სურდათ. ამჟამად მსახიობი შვილებთან ერთად კოვიდინფიცირებულია...
თაკო ტაბატაძე:
- მინდა გითხრათ, რომ მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან და ჩემი მთავარი ამოცანა მათი აღზრდაა, მაგრამ გია მაქსიმალურ დროს ატარებს ბავშვებთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში.
ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.
- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებული ხართ...
- ჩემთვის ახლა მთავარი ამოცანა პატარების აღზრდაა და ნაადრევია პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ლაპარაკი. გარდა ამისა, წელს ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს, სამსახიობო ფაკულტეტს. დავიწყე აქტიური სამსახიობო კარიერა და ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თაკო ტაბატაძისა და ქართველი ფეხბურთელის, ნუგზარ სპანდერაშვილის შესახებ, თუმცა აღნიშნულის შესახებ თაკო ტაბატაძე კონკრეტულს არაფერს ამბობს.