ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა - დამსვენებელთა ევაკუაცია დასრულდა
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.
„ბაკურიანში, მიტარბის პირველ საბაგიროზე მგზავრთა გადაყვანის დროს საბაგირო გაჩერდა, 30 წუთზე მეტია გაჩერებულია. დავრეკეთ 112-ზე, თუმცა რეაგირება არ არის. არავის, ვინც საბაგიროს მართვის პულტან არის, არაფერი გამოუცხადებია, რა ხდება, რატომ ვართ გაჩერებული და როდის ამუშავდება, ან რამდენი ხანი გვიწევს გაჩერება.
ყინვაა, გაუჩერებლად თოვს. საბაგირო ღიაა და თავზე გვათოვს. გარეთ მინუს 10 გრადუსია. ამას ემატება ის, რომ უკვე საღამოა“, - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთი დამსვენებელი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.
"ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს დამსვენებელთა ჩამოყვანა",- განაცხადეს კომპანიაში.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროდან დამსვენებელთა ევაკუაცია დასრულდა