"გამიშვი ხელი" - კადრები სასამართლოდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანი გააძევეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 4 პირი - ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი, კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.
ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები ბრალდებულების ნაწილის გირაოს, ნაწილის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ბრალდებული 5 პირიდან ბრალს მხოლოდ ლაშა სამხარაძე აღიარებს. ის პატიმრობაში არ იმყოფება.
მოსამართლე გიზო უბილავას გადაწყვეტილებით, დაკავებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ბესიკ თამლიანი გააძევეს.