"მადას აქვეითებს და ცხიმოვანი ქსოვილის დაწვაში გვეხმარება" - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად
ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ადამიანების უმრავლესობა წონაში მომატებას უჩივის და ბევრის სურვილია, დიეტა რაც შეიძლება მალე დაიცვას, რომ სწრაფად გათავისუფლდეს "აკრეფილი" კალორიებისგან. ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა AMBEBI.GE-ს იმ პროდუქტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მადის დაქვეითებაში დაგეხმარებათ.
"ორგანიზმში ინსულინის დასაქვეითებელი ქიმიური პრეპარატები არსებობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ინსულინის დონეს აქვეითებს, რაც მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ისინი არა მარტო დღესასწაულების შემდგომ პერიოდში უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივ დღეებშიც. ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.
ასევე მნიშვნელოვანია ასეთი კომბინაციაც: ჩაი დარიჩინით, ჯანჯაფილით, ანუ იგივე კოჭათი და ნატურალური თაფლით. მადას ესეც აქვეითებს, რადგანაც ვიცით, ჯანჯაფილს მადის დამაქვეითებელი ეფექტი აქვს. ამასთან, ჯანჯაფილს აქვს უნარი, ორგანიზმს ენერგია იმისთვის შემატოს, რომ თავი სუსტად არ ვიგრძნოთ. ასეთ პროდუქტებს შორის შეგვიძლია განვიხილოთ ყავა. დღეში 2 ფინჯანი უშაქრო ყავა მადის დაქვეითებაში გვეხმარება. ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ის 30%-ით მეტაბოლიზმს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას და უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმში სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ეს დიეტის დროს, სწორი კვებისას მნიშვნელოვანია.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, მადის დასაქვეითებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმის შემცველი პროდუქტია, ასევე შეიცავს მეტ ცხიმოვან მჟავებს, "ომეგა 3"-ს და "ომეგა 6"-ს, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, ზრდის ნივთიერებათა ცვლას.
ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ბოსტნეულის წვენი. ეს შეიძლება გამოწურული, ე.წ. ფრეში ან უბრალოდ ბოსტნეულის ნახარში იყოს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მადის დაქვეითებას და უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.
ამასთან, კოფეინის შემცველობის გამო შეგვიძლია განვიხილოთ მწვანე ჩაიც. ის, კოფეინთან ერთად, შეიცავს ე.წ. ნივთიერება კატეხინს, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას, ასევე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. კვლევებით დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაი 20-25%-ით ორგანიზმში აუმჯობესებს მეტაბოლურ ცვლას და აქვეითებს მადას", - ამბობს უჩავა.