“ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით, პირველ რიგში ვისურვებდი რომ ახალ წელს საერთო მშვიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე“ - ირაკლი ღარიბაშვილი
მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურმა 2021 წელს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
„ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს საერთო მშვიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები მთელს მსოფლიოში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე.
2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო - იყო პოლიტიკური ვნებათაღელვაც, იყო პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები სხვადასხვა მიმართულებით და მეტიც, იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო.