loader

ვრცელდება ქმრის მიერ მოკლული 22 წლის გოგოს წერილი - რა დაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქეთა კეპულაძემ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ქმრის მიერ მოკლული 22 წლის გოგოს წერილი - რა დაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქეთა კეპულაძემ?

ვარკეთილში ქმრის მიერ მოკლულმა 22 წლის ქეთა კეპულაძემ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წერილი დაწერა, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი და აქვეყნებს.

"ჩემი ღიღინა დაიკო... ჩემი გული და სული... ჩემი მწარე ტკივილი... სიტყვები, რომელიც შენს გაფრენამდე დაწერე დაიკო... რატომ ღმერთო? რატომ? რატომ არ აცადე ჩემს ორ ანგელოზს სიცოცხლე?!" - წერს ქეთა კეპულაძის და.

ქეთას წერილს უცვლელად გთავაზობთ:


"ღამეა, ასე ვიწყებ წერას, მთვარე თვალისმომჭრელად ანათებს, ის ზოგჯერ იმდენადვე ნათელია რამდენადაც ბნელი, ისეთივე მშვიდი როგორც ხმაურიანი, ისეთივე საშიში როგორც უსაფრთხო... ღამეა უკიდეგანო, მოულოდნელობებით სავსე, საინტერესოც, ბევრი რამის დანახვა შემიძლია მასში. მთავარია როგორ შევხედავ მას და რას დაგანახებს ის თავისი იდუმალი სამყაროდან...

ვფიქრობ, ცხოვრებაც ასეთივეა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის. ყველაფერს აქვს თეთრი და შავი მხარე, ნათელი და ბნელი, ეს ორივე კი ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებულნი, რამდენადაც დამოუკიდებელი და განსხვავებული, ორი საწინააღმდეგო მხარე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, არაფრით გვანან ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არცერთი არ არსებობს, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ რამე დადებითი მოხდებოდა, მას უარყოფითიც მოყვებოდა ასეა მოწყობილი სამყარო - კარგს დადებითს, ყოველთვის საპირისპირო მომენტებით ვაფასებთ. 

ბედნიერებას ყველა საკუთარი საზომით ზომავს, ასევე მეც მაქვს ჩემი ბედნიერი საზომი და ეს "სიყვარულია'' მთავარი გრძნობა სამყაროში. ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდია ბედნიერება და სიყვარული, მით უფრო დიდია ტკივილი და შიში... გეშინია ყოველი ბედნიერი წუთის, რადგან არ გინდა დამთავრდეს, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მაინც ამ გრძნობისკენ ვილტვით. ვიცით, რომ გვეტკინება, შეგვეშინდება, დავიტანჯებით, მაგრამ გვეყვარება და ეს ყველაფრად ღირს. შიში არსად ქრება, ისევე როგორც ბედნიერება, ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთზე მიჯაჭვული გრძნობებია, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ შექმნი... ისევე როგორც სინათლე და სიბნელე, მთავარია, არ მივცეთ უფლება სიბნელეს რომ გადაფაროს ყოველივე ნათელი, ვაკონტროლოთ მაგრამ არცერთი არ უნდა გავაქროთ თვალთახედვიდან, არცერთი არ უნდა წავშალოთ გონებიდან, რადგან ამით ყველაფერს დავკარგავთ.

რთულია ყოველი ტკბილი და ბედნიერი მომენტის დროს გეშინოდეს მისი დასასრულის, ყოველი დასაწყისის დროს ფიქრობდე დასასრულზე და ამით აფუჭებდე ყველაფერს. ეს დაავადებაა, რომელსაც აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარ თავში, სიბნელეს ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ გადაფაროს სინათლე და ამ სიბნელეში ვიკარგებით. ბედნიერებას შიშით ვაფასებთ და ვკარგავთ კონტროლს, ვმარცხდებით შიშთან და ამით იმაზე მეტს ვკარგავთ, ვიდრე იმ მომენტში შეგვიძლია წარმოდგენა, ვიკარგებით...

დასაბრუნებელი გზა რთულია, მაგრამ გზას ის სინათლე გვიკვალავს, რომელიც თავად ჩავახჩეთ და გადავმალეთ... ის არსად ქრება - მთავარია სიბნელეში შევძლოთ სინათლის დანახვა და გავყვეთ მას უკან დასაბრუნებელ გზაზე, უკან რეალობაში და სამყაროში, სადაც ბედნიერებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ და აღარასდროს მივცეთ სიბნელეს სინათლეზე გამარჯვების უფლება, იქ სადაც ბალანსის დაცვას ვისწავლით. ესეა, ღამე ბნელია, მაგრამ... მაგრამ ამავდროულად ნათელიც..."