loader

"თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალი და მოსაწონია - ძალიან ცდება" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალი და მოსაწონია - ძალიან ცდება" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "ნამახვანჰესის" გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

"ზოგადად ჰესებს, ცხადია არა, მაგრამ გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ. შეიძლება მიკერძოებული ვიყო - ჩემს ამ დამოკიდებულებას თავისი წინაპირობა აქვს ჩემი ბიოგრაფიიდან. კარგად ვიცი, რა უქნა ჩემი უსაყვარლესი დედულეთის, ქვემო რაჭის კლიმატს შაორის წყალსაცავმა. ვხედავ, მისი წყალობით ზედმეტად დატენიანებულმა ჰაერმა როგორ დაანესტიანა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ფანტასტიური ნიკორწმინდა და მისი ფრესკები. მახსოვს, შაორის შემდეგ შეცვლილკლიმატიან და დანესტიანებულ ქვემორაჭას როგორ მოეხსნა პულმონოლოგიური (ე.წ. ფილტვების) კურორტის სტატუსი და მშრალი და წიწვოვანი ჰავის სურამმა როგორ შეინარჩუნა.

ამიტომაც, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის. თუმცა, ძალიან ფრთხილად ვეკიდები ულტრანაციონალისტური ტექსტების ფრქვევას, მით უფრო, სოციალისტურთან შეზავებულს.

გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ჩვენ მარტო მთავრობას ველაპარაკებით, მხოლოდ კომპანია "ენკას" კი არ გამორიცხავს ამ დიალოგიდან, არამედ საზოგადოებასაც. არადა, ასეთი მნიშვნელობის საკითხი სრული ინკლუზიურობით უნდა გადაწყდეს. ერთხელ უკვე მიიღო ოცნების მთავრობამ გადაწყვეტილება ექსკლუზიურად ერთ მხარესთან საუბრით. ახლა, რიონის მცველები იგივე მეთოდს რატომ გვთავაზობენ და ახლა უკვე თავად რატომ გამორიცხავენ ინკლუზიურ დისკუსიას, გაუგებარია. რას ნიშნავს, მარტო მთავრობასთან გვაქვს საქმე? ლეჩხუმი არც მთავრობისაა (რომელსაც ასე გონია, როგორც ვხედავთ) და არც რიონის ხეობის მცველების (როგორც იკვეთება, შესაძლოა მათაც ასე ეგონოთ). ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების. საზოგადოების, რომელიც ღირსია, რომ დაგველაპარაკონ როგორც მთავრობა (რომელზეც ხელი აქვს ყველას ჩაქნეული), ასევე ის მხარე, ვინც პოტენციურ 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აჩერებს.

p.s. თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალი და მოსაწონია - ძალიან ცდება", - წერს გვარამია.