მაშველებმა გადაარჩინეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კლდიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე, კლდოვანი ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე, მოქალაქე ვერ ახერხებდა კლდიდან ჩამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. “ინიციატორის განცხადებით, პიროვნება კლდოვან ადგილას, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფოდა. შეტყობინებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. რთული რელიეფის გამო საჭირო გახდა ოპერაციაში თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის ჩართვა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.