შხამი, რომელიც ვადაგასულ ნიგოზშია, აზიანებს ღვიძლს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს - რა უნდა იცოდეთ, გემრიელი საცივი რომ გამოგივიდეთ
რა საფრთხეები შეიძლება იყოს უხარისხო, გაფუჭებულ ნიგოზში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას, რომ გემრიელი და ხარისხიანი გოზინაყი და საცივი გამოგივიდეთ. თუ კაკლის ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, გაქანებისას მასში შიგთავსი არ უნდა მოძრაობდეს, თუ ნიგვზის მოძრაობას იგრძნობთ, ასეთი პროდუქტი, დიდი ალბათობით, უხარისხო გამოდგება. ხშირად არაკეთილსინდისიერი გამყიდველები წონის მომატების მიზნით იმ ტომარას ასველებენ, რომელშიც კაკალია მოთავსებული. კაკალი წყალს იწოვს და მძიმე ხდება, თუმცა ასეთი პროდუქტი გემრიელი კერძის მოსამზადებლად არ გამოგადგებათ. ამიტომ ჩაყავით ხელი კაკლის ტომარაში რაც შეიძლება ღრმად, ხელი მშრალი უნდა დარჩეს. მოგრძო კაკალში მეტი ნიგოზია, მრგვალში კი შიგთავსი შედარებით მცირე რაოდენობითაა. მთავარია, ნიგოზი არასაფრთხისშემცველი იყოს. ალბათ, ხშირად გინახავთ ობიანი, ასევე მწარე გემოს მქონე ნიგოზი. ჩვენ ინტერნეტით მოვიძიეთ კადრები, სადაც ნაჩვენებია ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, სადაც ნიგვზის თითქმის 60 პროცენტი ამჟავებული გამოდგა. ასევე ბევრ მათგანში აფლოტოქსინის არსებობა დაფიქსირდა.სოკო, რომელიც ძირითადად ვადაგასული მზესუმზირების, თხილისა და ნიგვზის მაგვარ პროდუქტებში გვხვდება, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამია, რომლის მცირე დოზებით ორგანიზმში მოხვედრა აზიანებს ღვიძლს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ნიგოზი, თუკი მას დამწვარი ზეთის სუნი აქვს. ოდნავ მომწარო ნიგოზიც კი სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, თუკი გოზინაყში ან ჩურჩხელაში მოთავსებული თხილი და ნიგოზი მწარე მოგეჩვენებათ, არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ ის, რადგან რამდენჯერმე მირთმეული ასეთი გაფუჭებული პროდუქტი, შესაძლოა, ისეთი მძიმე დაავადების წინაპირობა გახდეს, როგორიც ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ნიგვზის შეძენისას დააკვირდით, რომ თითოეული ლებანი საღი და მშრალი იყოს და არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს მომწარო სუნი და გემო.