ომარ შარიფმა თაყვანისმცემელ ქალს ხელი გაარტყა
ცნობილმა ეგვიპტელმა კინომსახიობმა ომარ შარიფმა, დოხში გამართულ კინოფესტივალზე ერთ-ერთ თაყვანისმცემელ ქალბატონს ტელეკამერების წინ ხელი გაარტყა.
ინციდენტი "ტრაიბეკის" ყოველწლიურ ფესტივალზე მოხდა. წითელ ხალიჩაზე გავლის დროს მსახიობი ფოტოგრაფებთან შეჩერდა, მას თაყვანისმცემლები მიესივნენ. მოულოდნელად, მომღიმარე მსახიობმა მოთმინება დაკარგა და მის წინ მდგომ გოგონას ხელი უხეშად მოუქნია.
"დაიცადე", - შარიფმა გაბრაზებული ტონით გოგონას უყვირა, ხელს ნუ მიშლიო. მსახიობს შიშით ფანები შემოეცალნენ.
რამდენიმე წამის შემდეგ შარიფი დამშვიდდა და დაჟინებულ თაყვანისმცემელს მასთან ერთად ფოტოს გადაღების უფლება მისცა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შარიფი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის. 2005 წელს უმნიშვნელო შეხლა-შემოხლის შემდეგ მსახიობმა ბევერლი ჰილზში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ჟოკეის ხელი დაარტყა. ლოს-ანჯელესის სასამართლომ მსახიობს დაზარალებული მხარისთვის 450 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ომარ შარიფი (ნამდვილი სახელი მიშელ დემიტრი შალუბი) 1932 წელს ეგვიპტეში დაიბადა. მსახიობის კარიერა ეგვიპტურ ფილმში "დამაბრმავებელი მზე" გადაღებით დაიწყო. პირველი ინგლისურენოვანი ფილმისთვის "ლოურენს არავიელი" (1962 წ.), სადაც ომარ შარიფმა შერიფი ალი განასახიერა, "ოსკარი" მოიპოვა. 1965 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ბორის პასტერნაკის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ექიმი ჟივაგო".
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე