"ბირჟა მაფიას" რეპერმა, რომლის გამოც ხელისუფლება სკანდალში გაეხვა, მთავრობის მაამებლური კლიპი გამოუშვა
"ბირჟა მაფიას" რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა (Young Mic), რომელიც პატრულს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა, მთავრობის მაამებლური კლიპი გამოუშვა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 8 ივნისს "ბირჟა მაფიას" ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა."ბირჟა მაფიას" წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული. "ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი", - თქვა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ მიხეილ მგალობლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "ბირჟა მაფიას" წევრების გათავისუფლებას წინ უძღვოდა ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი სტატუსი "ფეისბუქზე". "თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება", – დაწერა მაშინ ბერამ.