loader

აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს:
"2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს. აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია" - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს დაგეგმილია კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.