"ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა და სადღეგრძელოების მეტი არაფერი შეეძლოთ" - სააკაშვილი საქართველოზე
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია Чернівецький Промінь-ის ეთერში საქართველოში მისი მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე და უკრაინაში დაგეგმილ და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა.
"როცა მე საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანას ჰყავდა 100 000 ვიზიტორი, ტურისტიც კი არა. როცა მე დავასრულე ჩემი ვადა, ქვეყანას ჰყავდა 6 მილიონი ტურისტი. როგორ გავაკეთეთ ეს? ჩვენ ვხატავდით ქალაქებს, ვიგონებდით მათ, ისინი არ იყო და ვიგონებდით. მაგალითად, ბათუმი მე პირადად დავხატე და მოვიგონე - რაღაც ვალენსიიდან, რაღაც ბარსელონიდან, რაღაც ნიციდან და ნიუ-იორკიდან. ავიღეთ ელემენტები და ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია...
"უკრაინელები ქართველებზე მეტად შრომისმოყვარენი და კანონმორჩილები არიან, უფრო გახსნილები რეფორმებისთვის, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ, როცა ვიწყებდით. ახლა ქართველებმაც ისწავლეს, პოსტსაბჭოთა თაობა შეიცვალა, გაიზარდა. როცა მე საქართველოში ჩავედი, ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი შეეძლოთ. ახლა საქართველო არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, ქვეყანა, სადაც სრულიად არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ცხოვრობს, სადაც უამრავი საინტერესო ინიციატივა იბადება ეკონომიკის სფეროში; ქვეყანა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია, მაშინ, როცა ახლა უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.
ასე რომ, უკრაინელი ხალხი უფრო მეტად არის მზად რეფორმებისთვის, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ერთადერთი პრობლემა არის მთავრობა, რომელიც ახლა ჰყავს უკრაინას. ჩვენ ახლა ხელისუფლება არ გვყავს. პოროშენკო დაკავებულია ტელეკომპანიების კონტროლით, ყიდულობენ პატარა ტელეკომპანიებს, ზუსტად იანუკოვიჩის მსგავსად. მე უკვე აღარ მაჩვენებენ არც ერთ ცენტრალურ არხზე. ქვეყანას ახლა აკონტროლებს კრიზისი და არა ხელისუფლება. აქ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური კლასი, რადგან ძველი პოლიტიკური კლასი ვერ გაატარებს რეფორმებს. "ბარიგები" ვერ შექმნიან თანამედროვე სახელმწიფოს. რა გავაკეთეთ ჩვენ საქართველოში? შევქმენით სახელმწიფოებრიობა. აი, ეს სჭირდება უკრაინას" - აღნიშნა სააკაშვილმა საუბრისას.