loader

რატომ დააკავა პატრულმა ბიჭი თბილისის ცენტრში - თვითმხილველის კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დააკავა პატრულმა ბიჭი თბილისის ცენტრში - თვითმხილველის კადრები შემთხვევის ადგილიდან

"ფეისბუქმომხმარებელი" გიორგი მაისა პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია დღეს თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ. ვიდეოს თვითმხილველი ვრცელ კომენტარსაც ურთავს ვიდეოს:

"დღეს, დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ.

საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა, შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის. პატრულის თანამშრომლები კი თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას, მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას. ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მისცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა, პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოჰყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ" - წერს ფაქტის თვითმხილველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ასფალტზე ჰყავთ დაწვენილი და მას ექვსამდე პოლიციელი აკავებს. რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილს ადებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ, დაკავების მომენტში მიიღო.

AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, სად არის გადაყვანილი დაკავებული, რა მუხლით მოხდა მისი დაკავება და ემუქრება თუ არა მას პატიმრობა.